Thursday, December 30, 2010

სევდის ლექსი

ნიზარ კაბანი

/თარგმნა ირმა მახარაძემ/

შენმა სიყვარულმა სევდა მასწავლა
და მე მჭირდებოდა საუკუნეების განმავლობაში
ქალი, რომელიც მასევდიანებდა,
ქალი, რომლის მკლავებშიც ვიტირებდი
ბეღურასავით...
ქალი, რომელიც შეკრებდა ჩემს ნაწილებს
ბროლის ნამსხვრევებივით...

***
შენმა სიყვარულმა მასწავლა... ჩემო ქალბატონო,
ყველაზე ცუდი ჩვევები...
მასწავლა, გავხსნა ჩემი ფინჯანი
ღამეში ათასჯერ,
გამოვცადო მეინანთეულეთა ხელოვნება,
ვაკაკუნო მკითხავთა კარზე...
მასწავლა, გავიდე სახლიდან,
რათა გამოვიკვლიო ქუჩათა ტროტუარები,
დავედევნო შენს სახეს...
წვიმაში, მანქანების შუქში...
ვეძებო შენი სახება...
აფიშების ფურცლებშიც კი...
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
ვიხეტიალო საათობით,
ვეძებო ულამაზესი თმები,
ბოშებსაც რომ შურს აღუძრავს,
ვეძებო სახე, ხმა,
უამრავ სახესა და ხმაში...

***
ჩემო ქალბატონო, შენმა სიყვარულმა
შემიყვანა სევდათა ქალაქებში
მე, ხომ, შენამდე არ მინახავს
სევდათა ქალაქები...
არ ვიცოდი, რომ ცრემლი ადამიანია
და რომ ადამიანი, სევდის გარეშე,
ადამიანის აჩრდილია...
შენმა სიყვარულმა მასწავლა
ბავშვის მსგავსად ვიპოვო გამოსასვალი _
ვხატო შენი სახე
ცარცით, კედელზე,
მეკობრეთა აფრებზე,
ზარებზე,
ჯვრებზე...
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
როგორ ცვლის სიყვარული დროთა რუკას,
მასწავლა, რომ როცა მიყვარს,
წყვეტს დედამიწა ბრუნვას...
შენმა სიყვარულმა ისეთი რამ მასწავლა,
რაც არასოდეს მივარაუდია...
წავიკითხე საბავშვო ზღაპრები,
შევედი ბოროტმოქმედ მეფეთა სასახლეებში
და ვოცნებობდი, დაქორწინებულიყო ჩემზე
სულთნის ასული.
მისი თვალები... ხალიჯის წყალზე ანკარაა,
მისი ტუჩები... ბროწეულის ყვავილებზე მეტად სასურველია,
ვოცნებობდი, რომ მოვიტაცებდი მას,
როგორც რაინდი...
ჩემო ქალბატონო, შენმა სიყვარულმა მასწავლა, რა არის უგუნურება,
მასწავლა როგორ გადის ცხოვრება
და არ მოდის სულთნის ასული...
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
როგორ მიყვარხარ ყველაფერში _
შიშველ ხეებში,
გამხმარ, ყვითელ ფოთლებში,
წვიმიან ამინდში, გრიგალში,
ყველაზე პატარა ყავახანაში,
სადაც, საღამოობით, შავ ყავას ვსვამთ...
შენმა სიყვარულმა მასწავლა, ვეძებო თავშესაფარი
სასტუმროებში, რომლებსაც არა აქვთ სახელი...
ეკლესიებში, რომლებსაც არა აქვთ სახელი...
ყავახანებში, რომლებსაც არა აქვთ სახელი…
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
როგორ ზრდის ღამე უცხოთა სევდას,
მასწავლა, როგორ დავინახო ბეირუთი
ქალად, მაცდურად დესპოტთა,
ქალად, რომელიც იცვამს ყოველ საღამოს
ულამაზეს სამოსს,
იპკურებს მკერდზე სუნამოს
მეზღვაურთათვის და მმართველთათვის…...
შენმა სიყვარულმა მასწავლა
ვიტირო უცრემლოდ,
მასწავლა, როგორ სძინავს სევდას
ფეხმოკვეთილი ბავშვივით
“რავშასა” და “ჰამრას” ქუჩებში...

***
შენმა სიყვარულმა სევდა მასწავლა
და მე მჭირდებოდა საუკუნეების განმავლობაში
ქალი, რომელიც მასევდიანებდა,
ქალი, რომლის მკლავებშიც ვიტირებდი
ბეღურასავით...…
ქალი, რომელიც შეკრებდა ჩემს ნაწილებს
ბროლის ნამსხვრევებივით...