Tuesday, December 20, 2011

იერუსალიმი

ნიზარ კაბანი

ვიტირე... ცრემლის გაშრობამდე,
ვილოცე... სანთლის ჩაქრობამდე,
მუხლმოდრეკილი ვიდექი... სანამ მომწყინდებოდა...
ვიკითხე მუჰამადსა და იესოზე...
იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა ბრწყინვალე ქალაქო,
უმოკლესო გზავ დედამიწასა და ზეცას შორის!
რელიგიური კანონების შუქურავ,
ლამაზო ბავშვო დამწვარი თითებით,
თვალსევდიანო წმინდა მარიამის ქალაქო!
ჩრდილიანო ოაზისო, სადაც მოციქულმა გაიარა...
სევდიანია ქუჩების ქვები,
სევდიანია მეჩეთების მინარეთები,
იერუსალიმო, ძაძებში გახვეულო ლამაზო!..
ვინ დარეკავს ზარებს ძველ ეკლესიაში
კვირა დილით?
ვინ მოუტანს სათამაშოებს შვილებს
შობის ღამეს?
იერუსალიმო, დევდის ქალაქო,
დიდო ცრემლო, წამწამებზე მთრთოლვარევ!
ვინ შეკრებს ქვებს, ჩემო ქვეყანავ?
ვინ შეაჩერებს მტრობას, ჩემო ქვეყანავ?
ვინ ჩამორეცხავს ცრემლებს გოდების კედელს?
ვინ იხსნის სახარებას?
ვინ იხსნის ყურანს?
ვინ იხსნის ქრისტეს მკვლელებისგან?

გაიხარებენ მწვანე თაველები და ზეთისხილის ხეები,
გაბრწყინდებიან თვალები,
დაუბრუნდებიან ემიგრანტი მტრედები
წმინდა სახურავებს,
ბავშვები ისევ ითამაშებენ...
მამები ისევ შეხვდებიან შვილებს
შენს გასხივოსნებულ ქუჩებში...
ჩემო ქალაქო,
მშვიდობის და ზეთისხილის ხეების ქალაქო!

/არაბულიდან თარგმნა ირმა მახარაძემ/

Monday, December 19, 2011

უცხოები

ნაზიქ ალ-მალაიქა

ჩააქრე სანთელი და დაგვტოვეთ უცხოები...
ჩვენ ვართ ღამის ორი ნაწილი... რა არის სინათლის მნიშვნელობა?
სინათლე ეცემა ორ ილუზიას საღამოს ქუთუთოს ქვეშ...
სინათლე ეცემა იმედის ნამსხვრევებს...
უწოდეს ”ჩვენ”, რასაც მე ”მე”-ს ვუწოდებ...
ცხელი ფერფლი. ჩვენ აქ სინათლესავით ვართ
უცხოები...

ცივი, გაცრეცილი შეხვედრა წვიმიან დღეს ჰგავს,
ის იყო მკვლელი ჩემი ჰიმნის და სამარე ჩემი გრძნობების.
საათმა ცხრა ჩამოჰკრა სიბნელეში, შემდეგ - ათი...
და მე ჩემი ტკივილით ვისმენ და ვითვლი.
შეფიქრიანებული ვიყავი,
ვეკითხებოდი საათს ჩემი ბედნიერების რაობას.
თუ საღამოებს ერთად ვატარებთ, უკეთ უნდა იცოდე
უცხოები...

საათები გავიდა, როგორც წარსული, ღვარით დაფარული,
უცნობ ხვალინდელ დღესავით... არ ვიცი, აისია თუ დაისი?
საათები გავიდა და სიჩუმე ზამთრის ამინდს დაემსგავსა.
ვერ ხედავ? ჩვენი თვალები აწყლიანებულია და ცივი,
თითქოს მბოჭავს და სისხლს მითრგუნავს,
თითქოს ხმაურობს ჩემში და ამბობს:
- თქვენ ორნი საღამოს შტორმში ხართ,
უცხოებო...

ჩააქრე სანთელი, ორი სულია მრუმე ღამეში.
სინათლე ეცემა ორ სახეს, შემოდგომისებურად შეფერილს...
ვერ ხედავ? ჩვენი თვალები აწყლიანებულია და ცივი,
არ გესმის? ჩვენი გულები ჩამქრალია და ჩაფერფლილი...
ჩვენი დუმილი შემაძრწუნებელი გაფრთხილების ექოა,
სარკასტული, რომ ჩვენ დავბრუნდებით,
უცხოები...

ჩვენ ვართ, ვინც დღემდე მოგვიყვანა? საიდან დავიწყეთ?
გუშინდელმა დღემ არ იცოდა, რომ ამხანაგები ვართ...

მოდი, დავიწყებას მივცეთ, თითქოს არაფერი ყოფილა ახალგაზრდობიდან,
უგონო სიყვარულმა ჩაიარა და დაგვივიწყა.
ო, ნეტავ დავბრუნებულიყავით, სადაც ვიყავით,
სანამ გავქრებოდით და მაინც, ჩვენ ვართ
უცხოები...

/არაბულიდან თარგმნა ირმა მახარაძემ/

დედისადმი

მაჰმუდ დარვიში

მენატრება დედაჩემის პური,
დედაჩემის ყავა,
დედაჩემის შეხება.
ბავშვობის მოგონებები იზრდება ჩემში
დღითიდღე.
ვეტრფი სიცოცხლეს, რადგან,
რომ მოვკვდე,
შემრცხვება დედაჩემის ცრემლების.

თუ დავბრუნდები ოდესმე, წამიყვანე
შენი წამწამების საბურველად,
დააფარე ჩემს ძვლებს ბალახი,
შენი ნაფეხურებით ნაკურთხი.
აგვკინძე
შენი თმის კულულით,
ძაფით, რომელიც შენი კაბის ქობას ჰკიდია.
შეიძლება გავხდე ღმერთი,
ღმერთი გავხდე,
თუ ჩავწვდები შენი გულის სიღრმეებს!

თუ დავბრუნდები,
გამომიყენე ცეცხლის დასანთებ შეშად,
სარეცხის გასაფენ თოკად შენის სახლის
სახურავზე.
მე ძალიან სუსტი ვარ
შენი ლოცვის გარეშე.

დავბერდი,
დამიბრუნე ჩემი ბავშვობის ვარსკვლავები,
რათა პატარა ჩიტებთან ერთად გავიკვლიო
შენს მომლოდინე ბუდეში
დასაბრუნებელი გზა.

/არაბულიდან თარგმნა ირმა მახარაძემ/

Thursday, December 30, 2010

სევდის ლექსი

ნიზარ კაბანი

/თარგმნა ირმა მახარაძემ/

შენმა სიყვარულმა სევდა მასწავლა
და მე მჭირდებოდა საუკუნეების განმავლობაში
ქალი, რომელიც მასევდიანებდა,
ქალი, რომლის მკლავებშიც ვიტირებდი
ბეღურასავით...
ქალი, რომელიც შეკრებდა ჩემს ნაწილებს
ბროლის ნამსხვრევებივით...

***
შენმა სიყვარულმა მასწავლა... ჩემო ქალბატონო,
ყველაზე ცუდი ჩვევები...
მასწავლა, გავხსნა ჩემი ფინჯანი
ღამეში ათასჯერ,
გამოვცადო მეინანთეულეთა ხელოვნება,
ვაკაკუნო მკითხავთა კარზე...
მასწავლა, გავიდე სახლიდან,
რათა გამოვიკვლიო ქუჩათა ტროტუარები,
დავედევნო შენს სახეს...
წვიმაში, მანქანების შუქში...
ვეძებო შენი სახება...
აფიშების ფურცლებშიც კი...
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
ვიხეტიალო საათობით,
ვეძებო ულამაზესი თმები,
ბოშებსაც რომ შურს აღუძრავს,
ვეძებო სახე, ხმა,
უამრავ სახესა და ხმაში...

***
ჩემო ქალბატონო, შენმა სიყვარულმა
შემიყვანა სევდათა ქალაქებში
მე, ხომ, შენამდე არ მინახავს
სევდათა ქალაქები...
არ ვიცოდი, რომ ცრემლი ადამიანია
და რომ ადამიანი, სევდის გარეშე,
ადამიანის აჩრდილია...
შენმა სიყვარულმა მასწავლა
ბავშვის მსგავსად ვიპოვო გამოსასვალი _
ვხატო შენი სახე
ცარცით, კედელზე,
მეკობრეთა აფრებზე,
ზარებზე,
ჯვრებზე...
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
როგორ ცვლის სიყვარული დროთა რუკას,
მასწავლა, რომ როცა მიყვარს,
წყვეტს დედამიწა ბრუნვას...
შენმა სიყვარულმა ისეთი რამ მასწავლა,
რაც არასოდეს მივარაუდია...
წავიკითხე საბავშვო ზღაპრები,
შევედი ბოროტმოქმედ მეფეთა სასახლეებში
და ვოცნებობდი, დაქორწინებულიყო ჩემზე
სულთნის ასული.
მისი თვალები... ხალიჯის წყალზე ანკარაა,
მისი ტუჩები... ბროწეულის ყვავილებზე მეტად სასურველია,
ვოცნებობდი, რომ მოვიტაცებდი მას,
როგორც რაინდი...
ჩემო ქალბატონო, შენმა სიყვარულმა მასწავლა, რა არის უგუნურება,
მასწავლა როგორ გადის ცხოვრება
და არ მოდის სულთნის ასული...
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
როგორ მიყვარხარ ყველაფერში _
შიშველ ხეებში,
გამხმარ, ყვითელ ფოთლებში,
წვიმიან ამინდში, გრიგალში,
ყველაზე პატარა ყავახანაში,
სადაც, საღამოობით, შავ ყავას ვსვამთ...
შენმა სიყვარულმა მასწავლა, ვეძებო თავშესაფარი
სასტუმროებში, რომლებსაც არა აქვთ სახელი...
ეკლესიებში, რომლებსაც არა აქვთ სახელი...
ყავახანებში, რომლებსაც არა აქვთ სახელი…
შენმა სიყვარულმა მასწავლა,
როგორ ზრდის ღამე უცხოთა სევდას,
მასწავლა, როგორ დავინახო ბეირუთი
ქალად, მაცდურად დესპოტთა,
ქალად, რომელიც იცვამს ყოველ საღამოს
ულამაზეს სამოსს,
იპკურებს მკერდზე სუნამოს
მეზღვაურთათვის და მმართველთათვის…...
შენმა სიყვარულმა მასწავლა
ვიტირო უცრემლოდ,
მასწავლა, როგორ სძინავს სევდას
ფეხმოკვეთილი ბავშვივით
“რავშასა” და “ჰამრას” ქუჩებში...

***
შენმა სიყვარულმა სევდა მასწავლა
და მე მჭირდებოდა საუკუნეების განმავლობაში
ქალი, რომელიც მასევდიანებდა,
ქალი, რომლის მკლავებშიც ვიტირებდი
ბეღურასავით...…
ქალი, რომელიც შეკრებდა ჩემს ნაწილებს
ბროლის ნამსხვრევებივით...

Thursday, November 11, 2010

ნიზარ კაბანი

წავიდა… და აღარ დაბრუნებულა…


ქალებთან ურთიერთობის დროს

ყოველთვის ვიყავი

იმპრესიონიზმის მიმდევარი.

ყველა ქალი,

ვისაც ვესაუბრე სუფიური აზრის მშვენიერებაზე,

ჯალალ ედ-დინ რუმის ბრწყინვალებაზე,

ფარიდ ად-დინ ალ-ათარზე,

მუჰი ად-დინ იბნ ალ-არაბიზე,

წავიდა… და უკან აღარ დაბრუნებულა…

  


თუ


თუ თქვა ქალმა,

რომ ეყვარები სამუდამოდ,

ხარ მამაკაცთა მოდგმის მშვენება,

რომ არც შენამდე ყოფილა ვინმე

და არც შენს შემდეგ იქნება…

ნუ ენდობი ბოლომდე,

რადგან წუთი ქალისთვის

მარადისობაა…

 

 

თეატრი


ქალს, თავისი ბუნებით,

უყვარს კაცი, რომელიც შეუჩერებლად ლაპარაკობს…

შეუჩერებლად იტყუება,

ამიტომ ზარალდება ყველა კაცი,

ვინც არ ფლობს დრამატულ ხელოვნებას

და არც თეატრალურ დეკლამაციას…

 


რელიგია


როცა ეუბნება 

შეყვარებული შეყვარებულს:

”მე შენ გაღმერთებ!”

უნებურად ამტკიცებს,

რომ სიყვარული მეორე რელიგიაა…


/თარგმნა ირმა მახარაძემ/


ذهبت... ولم تَعُدْ...

 في تعاملي مع النساءْ...

كنتُ دائمًا

من أنصار المدرسة الإنطباعيَّة.

كلُّ امرأةٍ...

حدَّثتُها عن جمال الفكر الصوفيّ

وتجلّيات جلال الدين الروميّ

وفريد الدين العطّار

ومحي الدين بن عربيّ

ذهبت... ولم تَعُدْ...

  

إذا...

 إذا قالت امرَأَة ٌ

إنَّها ستُحِبُّكَ حتَّى الأبّد...

وإنَّكَ زَيْنُ الرجال ِ

فلا قَبْلَكَ كانَ أحَدْ

ولا بَعْدَك...

سوفَ يكونُ أحَدْ

فلا تطمئنّ كثيرًا إليها’

لأنَّ الدقيقة َ عند النساء’

أبَدْ...

 

مَسْرَح

 المرأة ُ بطبيعتها

تُحِبّ الرجُلَ الذي يتكلَّم دونَ توقُّفْ...

ويكذبُ دونَ توقُّف

لذلكَ’ يخسرُ جميعُ الرجالْ

الذين لا يُجِيدُونَ فنَّ الدراما’

والإلقاء المسْرَحيّ...

  

ديانة

 حين يقولُ

العاشقُ لمعشوقتِهِ

(إنّني أعبُدُكِ)

فإنّهُ يؤكّدُ – دونَ أن يدري –

إنَّ الحبَّ ديَانة ٌ ثانيَة...

Wednesday, November 10, 2010

ნიზარ კაბანი

ფოლკლორი


ვუსმენ განცხრომით

ბრამსის მუსიკას,

ბეთჰოვენს,

შოპენს

და რახმანინოვს,

მაგრამ ბედუინს, ჩემში რომ ცოცხლობს,

სულ ენატრება რაბაბის ჰანგი.

  • რაბაბი - ტრადიციული არაბული მუსიკალური საკრავი


დედაჩემი


ზაფხულობით

დავდივარ ჟენევის ბოტანიკურ ბაღში,

რათა მოვინახულო დედაჩემი...

მებაღედ რომ მუშაობს შვეიცარიის მთავრობასთან

და იღებს ათ ფრანკს

ყოველი სირიული ვარდისთვის,

რომელსაც მათთვის ახარებს...


ფოსტა


ჩემგან სასიყვარულო წერილი...

შენგან სასიყვარულო წერილი...

ქმნის გაზაფხულს...



ელვა


გეტყვი:

”მიყვარხარ!”

მხოლოდ ერთხელ,

რადგანაც ელვა არ მეორდება...







ნიზარ კაბანი

البدْعَة

1

البدْعَة

هى أن تنفُض عنكَ

غُبَارَكَ الصحراويّ

وتأخذَ دوشًا

صباحَ كُلِّ يَومْ

2

البدْعَة

هي أن تَخرُجَ من بطن آلة التسجيلْ

وترتجلَ نَصَّكْ

3

البدْعَةُ عند العَرَبْ

معناها

أن تهرُبَ من المقبرة الجَمَاعيَّة

وتسكُنَ في فيللا على البَحر

4

البدْعَة

هي أن تخرجَمن علبة السردين

التي انتهت مدَّةُ استعمالها

وترمي نَفسَكَ

كالسَمَكة في البَحْر

5

البدْعَة

هي أن تخلعَ قُنْبازَكَ

وقُبْقابَكَ

وطَربُوشَكَ العثمانيّ

وتصهلَ كحصانٍ

في بَرَاري الحُريَّة


ერესი

1

ერესია,

უდაბნოს მტვერს რომ ჩამოიფერთხავ

და შხაპს მიიღებ ყოველ დილით...


2

ერესია,

კლიშეს რომ დაარღვევ

და ტექსტის იმპროვიზაციას გააკეთებ...


3

ერესია არაბებისთვის,

საერთო სასაფლაოს რომ გაექცევი 

და ზღვის ნაპირზე ვილაში იცხოვრებ...


4

ერესია,

ვადაგასული სარდინის კოლოფიდან რომ გამოხვალ

და ზღვაში თევზივით გადახტები...


5

ერესია,

ხიფთანს, ხის ქოშებს და ოსმანურ ფესკას რომ გაიხდი

და ცხენივით გაინავარდებ

თავისუფლების სტეპებში...


/თარგმნა ირმა მახარაძემ/