ნიზარ კაბანი
ვიტირე... ცრემლის გაშრობამდე,
ვილოცე... სანთლის ჩაქრობამდე,
მუხლმოდრეკილი ვიდექი... სანამ მომწყინდებოდა...
ვიკითხე მუჰამადსა და იესოზე...
იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა ბრწყინვალე ქალაქო,
უმოკლესო გზავ დედამიწასა და ზეცას შორის!
რელიგიური კანონების შუქურავ,
ლამაზო ბავშვო დამწვარი თითებით,
თვალსევდიანო წმინდა მარიამის ქალაქო!
ჩრდილიანო ოაზისო, სადაც მოციქულმა გაიარა...
სევდიანია ქუჩების ქვები,
სევდიანია მეჩეთების მინარეთები,
იერუსალიმო, ძაძებში გახვეულო ლამაზო!..
ვინ დარეკავს ზარებს ძველ ეკლესიაში
კვირა დილით?
ვინ მოუტანს სათამაშოებს შვილებს
შობის ღამეს?
იერუსალიმო, დევდის ქალაქო,
დიდო ცრემლო, წამწამებზე მთრთოლვარევ!
ვინ შეკრებს ქვებს, ჩემო ქვეყანავ?
ვინ შეაჩერებს მტრობას, ჩემო ქვეყანავ?
ვინ ჩამორეცხავს ცრემლებს გოდების კედელს?
ვინ იხსნის სახარებას?
ვინ იხსნის ყურანს?
ვინ იხსნის ქრისტეს მკვლელებისგან?
გაიხარებენ მწვანე თაველები და ზეთისხილის ხეები,
გაბრწყინდებიან თვალები,
დაუბრუნდებიან ემიგრანტი მტრედები
წმინდა სახურავებს,
ბავშვები ისევ ითამაშებენ...
მამები ისევ შეხვდებიან შვილებს
შენს გასხივოსნებულ ქუჩებში...
ჩემო ქალაქო,
მშვიდობის და ზეთისხილის ხეების ქალაქო!
/არაბულიდან თარგმნა ირმა მახარაძემ/
No comments:
Post a Comment