Monday, December 19, 2011

დედისადმი

მაჰმუდ დარვიში

მენატრება დედაჩემის პური,
დედაჩემის ყავა,
დედაჩემის შეხება.
ბავშვობის მოგონებები იზრდება ჩემში
დღითიდღე.
ვეტრფი სიცოცხლეს, რადგან,
რომ მოვკვდე,
შემრცხვება დედაჩემის ცრემლების.

თუ დავბრუნდები ოდესმე, წამიყვანე
შენი წამწამების საბურველად,
დააფარე ჩემს ძვლებს ბალახი,
შენი ნაფეხურებით ნაკურთხი.
აგვკინძე
შენი თმის კულულით,
ძაფით, რომელიც შენი კაბის ქობას ჰკიდია.
შეიძლება გავხდე ღმერთი,
ღმერთი გავხდე,
თუ ჩავწვდები შენი გულის სიღრმეებს!

თუ დავბრუნდები,
გამომიყენე ცეცხლის დასანთებ შეშად,
სარეცხის გასაფენ თოკად შენის სახლის
სახურავზე.
მე ძალიან სუსტი ვარ
შენი ლოცვის გარეშე.

დავბერდი,
დამიბრუნე ჩემი ბავშვობის ვარსკვლავები,
რათა პატარა ჩიტებთან ერთად გავიკვლიო
შენს მომლოდინე ბუდეში
დასაბრუნებელი გზა.

/არაბულიდან თარგმნა ირმა მახარაძემ/

No comments:

Post a Comment